დამფუძნებლები

მ.ს.უ. ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ-მუხრანი

„ქართული ფონდის“ დამფუძნებელი მ.ს.უ. ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ-მუხრანი საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი, ბაგრატიონებისა და ბორბონების დინასტიის შთამომავალია. ბაგრატიონთა ოჯახი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიაა, რომელიც 10 საუკუნეზე დიდი ხანი უწყვეტად მართავდა საქართველოს.

ბაგრატიონ-მუხრანი არის საქართველოს სამეფო სახლის უფროსი ქართლის შტო, რომლის შთამომავალია მ.ს.უ. ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ-მუხრანი. ბატონიშვილი იოანე არის მ.ს.უ. ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრან დე ბავარიის და კარმენ ულოა და სუელვესის შვილი. მ.ს.უ. ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანის და მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ბავარია და ბორბონის შვილიშვილი. საქართველოს მხრიდან მისი წინაპრები იყვნენ საქართველოს მეფეები დავით IV აღმაშენებელი, თამარ მეფე და ქართლის მეფე კონსტანტინე II, ხოლო ევროპული მხრიდან ესპანეთის მეფე ალფონსო XII, ჰაბსბურგების და ვიტელსბახების დინასტიები. ბატონიშვილი იოანე არის ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის ბიძაშვილი.

პრინცი იოანე დაიბადა და იზრდებოდა ქალაქ მადრიდში. მოგვიანებით სწავლა შვეიცარიის პრესტიჟულსა და ცნობილ სკოლა „ბო-სოლეიში“ განაგრძო. სკოლის დამთავრების შემდეგ განათლება მიიღო მადრიდის ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნესისა და კომუნიკაციის მიმართულებით. იგი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წამყვანი მენეჯერი იყო მადრიდსა და ლონდონში. 2014 წელს იოანემ თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა. პრინც იოანეს მუდმივად ჰქონდა ძლიერი სურვილი თავისი მოღვაწეობა საქართველოსთან და ქვეყნის კეთილდღეობასთან დაეკავშირებინა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქართული ტრადიციების დაცვით პრემიუმკლასის ღვინის წარმოება დაიწყო, რისთვისაც დააარსა კომპანია და შექმნა ღვინის ბრენდი „პრინცი იოანე ბაგრატიონი“. მოგვიანებით საქართველოში დაბრუნებულმა იოანემ გადაწყვიტა თავისი ოჯახისა და წინაპრების გზის გასაგრძელებლად მეუღლესთან ერთად შეექმნა „ქართული ფონდი“, რომელსაც დღეს საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.


მ.ს.უ. ბატონიშვილი ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანი

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანი მ.ს.უ. ბატონიშვილ იოანე ბაგრატიონის მეუღლე და „ქართული ფონდის“ თანადამფუძნებელია. ქრისტინე ექიმების ოჯახიდანაა და საქართველოში ისტორიული წარსულით გამორჩეულ ქალაქ ქუთაისიდან, ოჯახი მოგვიანებით თბილისში დასახლდა, სადაც ქრისტინემ სწავლა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო, ხოლო უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა. საგულისხმოა, რომ ქრისტინეს ცხოვრებაში ყოველთვის უმთავრეს როლს ასრულებდა კულტურა და ხელოვნება, რისადმი ძლიერმა ინტერესმა მისი გზა გარკვეულწილად წარმართა და განაპირობა. პროფესიული განათლების პარალელურად, ქრისტინე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ნიჭიერთა სამუსიკო ათწლედში, იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ მოცეკვავე. 2010 წელს საფრანგეთში ცნობილი სამოდელო სააგენტოს მიწვევით პარიზში გაემგზავრა. ქრისტინე ხუთი წლის განმავლობაში პარიზსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მაღალი მოდის სახლებთან თანამშრომლობდა. მისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი კრისტიან დიორის კოსმეტიკის სახლთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ პარიზში ცხოვრების დროს ქრისტინე საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებებში მუდმივად მონაწილეობდა. ამასთანავე, პარიზში ცხოვრების პერიოდში სწავლობდა სორბონას სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სკოლაში. მოგვიანებით ქრისტინემ პრინცი იოანე გაიცნო და ესპანეთის ქალაქ რონდაში სამოქალაქო ქორწინების შემდეგ ერთად დაბრუნდნენ სამშობლოში. წყვილმა 2018 წლის 3 ივნისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იქორწინა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქრისტინემ სწავლა განაგრძო და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

ადრეული ასაკიდან კულტურასთან დაახლოებამ და პარიზში ხელოვნების სფეროში მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქრისტინეს ცხოვრებაზე. ხელოვნებისადმი სიყვარულმა განაპირობა მისი სურვილი დაეფუძნებინა და მოგვიანებით გაძღოლოდა ფონდს, რომელიც განათლების, კულტურისა და სოციალური მიმართულების ხელშეწყობის გზით ჩვენი ქვეყნის რეალობას დადებითად ცვლის.

@GEORGIAN FOUNDATION