„მჯერა, რომ თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა ქართული მემკვიდრეობის დაცვა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და დამსახურებული მომავლის შექმნა. ჩვენი ფონდის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია, კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მხარდაჭერა“.


მ.ს.უ. ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ-მუხრანი

ფონდის მისია

ჩვენი მისია საქართველოში განათლების, კულტურისა და სოციალური პროექტების მხარდაჭერით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაერთიანებაა. „ქართული ფონდის“ საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობასთან. გვჯერა, რომ საქართველოში არსებობს პოტენციალი ახალი რეალობის შესაქმნელად. ჩვენი მისია ამ პოტენციალის მობილიზება და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი საქმის ხელშეწყობაა.

ჩვენი მიზნები და საქმიანობა საქართველოს უძველესი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიისადმი ღრმა პატივისცემას ეფუძნება. ვქმნით სანდო, გამჭვირვალე პლატფორმას, რომლის მეშვეობით შევძლებთ ქართული კულტურა და ხელოვნება გავაცნოთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, გვერდით დავუდგეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და დროულად დავეხმაროთ მათ, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ფონდის საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანამონაწილეობა, რადგან გვჯერა, რომ კეთილ საქმეში შეტანილი წვლილი დაგვაახლოვებს ერთმანეთთან და ფართო ჭრილში დაგვანახებს ჩვენს ადგილსა და როლს ჩვენივე საზოგადოებაში.

ფონდის ისტორია

„ქართული ფონდის“ ისტორია იოანე ბაგრატიონის საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება. ბაგრატიონების ოჯახის იძულებითი ემიგრაცია, იოანეს საქართველოდან შორს ყოფნა და სამშობლოს ნოსტალგია 2014 წელს ფონდის დაარსების საფუძველი გახდა. პრინცი იოანეს მეუღლე, ქრისტინე დაუდგა გვერდით და მათი ერთობლივი ძალისხმევით ფონდი სრულფასოვან ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

ჩვენი 6-წლიანი არსებობის განმავლობაში მრავალ პროექტს, ინიციატივასა და ღონისძიებას დავეხმარეთ. დღეს ფონდი თავის არეალს სამი ძირითადი მიმართულებით აფართოებს, რის ფარგლებშიც განათლების, კულტურისა და სოციალური პროექტების მხარდაჭერას გეგმავს. ფონდის შინაარსობრივ განვითარებას მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს, რომელიც დამფუძნებლების უახლოესი მეგობრებისა და საერთაშორისო პროფესიონალებისგან შედგება. ფინანსების საერთაშორისო აკუმულირებას ასევე უზრუნველყოფს ელჩები, რომლებიც საერთაშორისოდ წარმოადგენენ ფონდს. ხოლო თითოეული ადამიანი, რომელსაც თუნდაც მცირე წვლილი შეაქვს ჩვენს საქმიანობაში, ხდება ჩვენი მხარდამჭერი. საბედნიეროდ ჩვენი იმედი გამართლდა და შევძელით სხვადასხვა ქვეყანაში თანამოაზრეების გაერთიანება, მათ შორის არიან იოანეს მეგობრები და ის ადამიანები, ვინც ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას სრულად იზიარებენ და სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

ფონდის ხელშეწყობით ქართული ფერწერისა და ხელოვნების ფართო ასპარეზზე გასაცნობად შეიქმნა ფილმი დიდ ქართველ მხატვარზე, ლევან ცუცქირიძეზე. გადავწყვიტეთ კინოს ენით მოგვეყოლა ცნობილ ფერმწერზე, რადგან გვსურდა ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო შემოქმედი, რომელიც ქართული სახვითი ხელოვნების ტრადიციის ერთ-ერთი გამორჩეული გამგრძელებელია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ქართველი სტუდენტს, ნიკოლ ბარციცის დავეხმარეთ პერსონალური გამოფენის ორგანიზებაში. ნიკოლი წარმოშობით საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან, აფხაზეთიდანაა. ამ ღონისძიებით ფონდმა მხარდაჭერა აღმოუჩინა ნიჭიერ ქართველ სტუდენტს, რათა მის შემოქმედებას ფართო დამთვარიელებელი ჰყოლოდა. ფონდი ხელს უწყობს სტუდენტებს მათი ინიციატივებისა და იდეების განხორციელებაში, ეხმარება მრავალი კულტურული ღონისძიების ორგანიზებაში. ამავდროულად, გვერდით ვუდგავართ საზოგადოებასა და საქველმოქმედო ასოციაციებს ფინანსური სახსრების მობილიზებაში ზრუნვამოკლებული ბავშვებისა და მარტოდ დარჩენილი მოხუცებისთვის უკეთესი რეალობის შესაქმნელად.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის ფარგლებში, COVID-19-ით გამოწვეულ რთულსა და არაპროგნოზირებად დროში, შევძელით საზღვარგარეთ ფინანსური შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი საქართველოს 83 მოქალაქის დახმარება და სამშობლოში დაბრუნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საზოგადოების მხრიდან ფინანსური სახსრების მობილიზებით, უმოკლეს დროში ფონდმა შეიძინა ავიაბილეთები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ხოლო საზღვარგარეთ რამდენიმე მათგანი, ფონდმა საცხოვრებლით და საკვებით 14 დღით უზრუნველყო.

@GEORGIAN FOUNDATION