ჩვენი საქმიანობა და თითოეული პროექტი ეფუძნება ეთიკურობას, სრულ გამჭვირვალობას, სოციალურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას.


ჩვენთვის თითოეული დონაცია თანაბრად მნიშვნელოვანია; გვჯერა, რომ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებით ყველაზე რთული გამოწვევების სასიკეთოდ შეცვლა და ახალი რეალობის შექმნა შეგვიძლია. ჩვენი მთავარი მისიაა მობილიზებული ფინანსური სახსრები გამჭვირვალედ მივმართოთ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტების მხარდასაჭერად და განსახორციელებლად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების წვლილი, მასვე უნდა დაუბრუნდეს, ეს არის „ქართული ფონდის“ უმთავრესი ღირებულება.

პროგრამები

განათლება

„ქართული ფონდი“ საქართველოს განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს გზას განათლებაში ხედავს. ნიჭის, ძლიერი მონდომებისა და ენთუზიაზმის მხარდაჭერით, ვქმნით საფუძველს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის...

გვჯერა, რომ განათლება ძლიერი საზოგადოების მყარი საფუძველია. შესაბამისად, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია სწორად განათლების მიმართულებას უნდა დაეთმოს. ჩვენთვის ნათელია, რომ განათლებაზე ზრუნვა მთავრობისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან ერთად, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევასა და ყურადღებას მოითხოვს.

თანამედროვე სამყარო საოცარი სისწრაფით იცვლება, ცდილობს შეინარჩუნოს ძველი და შექმნას ახალი. გვჯერა, რომ ამ შეუქცევადი პროცესის ნაწილი მხოლოდ განათლებული და პროგრესული საზოგადოების მეშვეობით გავხდებით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი, თანამედროვე და ხარისხიანი განათლება, რასზეც ხელი მრავალ ახალგაზრდას არ მიუწვდება - მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას. ნიჭიერი ადამიანების განათლებისთვის ინვესტიცია, ერთადერთი მკაფიო გზაა სოციალური კეთილდღეობის, მოაზროვნე, ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამყაროში არსებული ინტელექტუალური გამოწვევების საპასუხოდ. განსაკუთრებით საგულისხმოა საქართველოს რეგიონები, იქ არსებული ნიჭი, მონდომებული, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომელთა ნათელი მომავლის ჩამოყალიბებაში ჩვენც შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

კულტურა

„ქართული ფონდი“ მიზნად ისახავს სხვადასხვა ინიციატივის, ღონისძიებისა და პროექტის მხარდაჭერით ქართული კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას.

კულტურა ქართული საზოგადოებისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედ ის ინახავს ქვეყნის წარსულს, მის ისტორიას, შემოქმედებით ძალასა და ეროვნულ იდენტობას.

გარდა ქვეყნის იდენტობისა, კულტურას მრავალი სოციალური და ეკონომიკური ასპექტიც ახლავს - კულტურის მეშვეობით ერი სწავლობს ტოლერანტობას, ქმნის შესაძლებლობებს, ფართოვდება საზოგადოების თვალსაწიერი და ხდება ჩვენივე თვითმყოფადობის გლობალურ ჭრილში აღქმა. საგულისხმოა, რომ კულტურა საზოგადოებასა და ინდივიდს ერთმანეთთან აახლოებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ურთიერთმიმართება ჩვენი ფონდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის უცვლელად შენარჩუნებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, მრავალსაუკუნოვანმა, უნიკალურმა ქართულმა კულტურამ ქვეყნის ყოველდღიურობაში გადმოინაცვლოს, გავრცელდეს და ხელშესახები გახდეს. ჩვენს პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, რომ ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებით, ქართული კულტურისა და ხელოვნების ენით ვესაუბროთ მსოფლიოს – მრავალია სათქმელი, რადგან საქართველო გამოირჩევა უნიკალური კულტურით, მრავალფეროვანი ხელოვნებით, ცივილიზაციითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.


სოციალური მიმართულება

ჩვენი სურვილია, ქართულ საზოგადოების წევრების განვითარების ხელშეწყობა და პროგრესული მომავლის შექმნა.

ქველმოქმედებას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის და საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლაში. ამავდროულად ქველმოქმედების როლი საჯარო და ბიზნეს სექტორის თანაბარ ძალად მიგვაჩნია, რადგან ამ გზით შესაძლებელია შეიცვალოს ადამიანების ცხოვრება, გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები და შეიქმნას უკეთესი რეალობა. ნებისმიერი სახის დონაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მცირე შემოწირულობითაც შესაძლებელია დიდი საქმიანობის განხორციელება - ზრუნვამოკლებული ბავშვებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოდ დარჩენილი მოხუცებისთვის, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა დონაციის ოდენობა, არამედ ჩვენი საზოგადოების საერთო მიზნისთვის გაერთიანებაა.

მთავარია გვჯეროდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია დადებითი ცვლილებების მონაწილე გავხდეთ. სულ მცირე დონაციასაც აქვს პოტენციალი იყოს ხელშესახები და რეალური სიკეთის მომტანი. დღეს თანადგომა აღარ არის არჩევანი, არამედ აუცილებლობაა, რომელიც უდავოდ გამოიღებს შედეგს, რაც თითოეული ჩვენგანის ბედნიერების საფუძველი გახდება.

@GEORGIAN FOUNDATION